Pages

Thursday, October 2, 2014

ქარი რომ არ იყოს? (2011 წელი)

ქარი რომ არ იყოს?

როდესაც ეს კითხვა მესმის, მინდა მჯეროდეს, რომ ხუმრობენ.
ამ დღის სახელი ხომ პირობითია და ქარის მოტანილი წერილების დღე იმიტომ ჰქვია, რომ უადრესატო წერილები იწერება და იკითხება.
სულაც არ უნდა იფრიალონ წერილებმა ქარში და პეპლის საჭერი ბადით არ უნდა დავსდევდეთ დასაჭერად და წასაკითხად.

ალბათ აქვე გაეცა პასუხი მეორე ხშირად დასმულ კითხვას, ანუ ქალაქს აბინძურებთ?
წერილები ნაგავი არ არის და არც ჰაერში მოფარფატე ქაღალდები შეაწუხებს ვინმეს ამ დღეს.

აბა სად და როგორ უნდა დავტოვოთ წერილები?

დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ "ქარის მოტანილი წერილი" და გაუშვით.
სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

არც საათების
არც ადგილის მიხედვით შეზღუდული არავინაა
სადაც უნდა იყოთ
რომელ ქვეყანაში ან ქალაქში
აიღეთ ფურცელი
დაწერეთ ხელნაწერი წერილი
ადრესატის და ავტორის გარეშე და დატოვეთ ალალ ბედზე

თუკი წერილებს წერილის ფორმას მივცემთ, მას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას და სადაც უნდა დავტოვოთ, წერილები იპოვიან თავიან მკითხველს.

შარშან მაგალითად მე წითელი ლენტით შევკარი წერილები.

შარშანვე აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს საოცრად მონატრებიათ ხელნაწერი წერილები.
მათი დაწერაც და წაკითხვაც.
ხელნაწერი წერილი ხომ ნიშნავს, რომ ეს წერილი მხოლოდ შენ გაქვს, ერთადერთი ეგზემპლარია.

ამ იდეის შესახებ წელს მივწერე ჩემს უცხოელ მეგორებსაც და იტალია (პალერმო), ეგვიპტე (ალექსანდრია), საბერძნეთი (ათენი, თესალონიკი, კალიმნოსი), სერბეთი. ისინიც დაწერენ უადრესატო წერილებს და 22 სექტემბერს დატოვებენ თავიანთ ქალაქებში.

აი ერთი ბერძენი პოეტი ქალის პასუხი:

ძალიან გამახარე. ეს იდეა ძალიან ძალიან ლამაზია, ემოციური და ... ადამიანური. დავიწყებ დღეიდან და მის შესახებ მოვუყვები ყველა ადამიანს, ვისაც კი შევხვდები. მე აუცილებლად დავწერ ერთ წერილს 22 სექტემბერს და მას დავტოვებ სადმე, თესალონიკში...


და უცებ მივხვდი, არც ერთ მათგანს, არც ერთ ქვეყანაში და ქალაქში არ გაჩენია კითხვა, კი მაგრამ ქარი რომ არ იყოსო ან წერილები ქალაქს დააბინძურებენო და შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, რომ ჩვენ, ნაცრისფერი ქალაქის მცხოვრებლებს ძირითადად ეს ორი კითხვა გვახსენდება ქარის მოტანილი წერილების დღის ხსენებაზე.

კარგი იქნებოდა ერთი დღე მაინც უბრალოდ თბილი, მოულოდნელობებით სავსე და ლამაზი იყოს ყველა ჩვენგანისთვის.
მივცეთ საკუთარ თავს უფლება, ერთი დღე მაინც ვიყოთ მეოცნებენი.
როგორც ბექა ამბობს, ჭეშმარიტება ოცნებაშია.


და მადლობა ყველას, ვისაც შეგრჩათ ამ სკეპტიკურ და ელექტრონიზებულ სამყაროში ცოტაოდენი რომანტიკა და ხელნაწერი წერილების დღე მოგეწონათ. მადლობა

2011 წელი 

No comments:

Post a Comment