Pages

Wednesday, September 19, 2018

დახეული წერილების ძალა

ჯერ კიდევ შარშან 22 სექტემბერს დავპირდი ერთ კეთილ გოგოს, რომ დახეული წერილების შესახებ დავწერდი.

დავიწყოთ ცოტა შორიდან.
2010 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს აღვნიშნავთ ქარის მოტანილი წერილების დღეს, რაც ნიშნავს, რომ ვწერთ წერილებს ხელით, ადრესატის და ავტორის მითითების გარეშე და ვტოვებთ სადმე, ალალ ბედზე, იმ იმედით და მოლოდინით, რომ ვინმე იპოვის.

ეს წერილები ყოველთვის მაგონებენ გადამფრენ ჩიტებს.
გრძელ გზაზე ათასი დაბრკოლება ხვდებათ.
ავტორები ზოგჯერ ბრუნდებიან იქ, სადაც წერილი დატოვეს. გულის ცემა ამ დროს უფრო იმატებს თუ წერილის დატოვების მომენტში, არ ვიცი.
ვიდრე დაინახავ, რომ წრილი იქ აღარ დევს, ანუ ვიღაცა აიღო. წერილს ადრესატი უპოვია...

თუმცა ზოგჯერ ავტორები ისეთ სცენას ხედავენ, რომ გული უკვდებათ: დახეული და დაჭმუჭნული წერილი.

მაგრამ მაინც, წერილები ყოველთვის მას პოულობენ, ვინც უნდა იპოვონ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. თუ ადამიანმა წერილი დაგლიჯა, ხომ შეიძლება, აგრესიულ ხასიათზე იყო და თუ წერილი თავის თავზე არ აიღებდა ამ დარტყმას, მისი აგრესია ვინმე სხვას დატყდომოდა? მაგალითად, პატარა საყვარელ ბავშვს? ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს სითბო, რომელსაც გავცემთ. როდესაც წერილს წერ, ის ემოცია, რასაც მასში დებ, დადებითი ენერგია, მატერიალიზდება და უკვე ჰაერში ტრიალებს. ნუ გექნებათ კონკრეტული მოლოდინი მისგან, ვინც წერილი უნდა იპოვოს და ნურც თავად წერილისგან. წერილის ერთი ფრაზაც რომ წაეკითხა, ვიდრე დახევდა, ადრე თუ გვიან გაახსენდება, რომ ოდესღაც ქუჩაში წერილი იპოვა, რომელიც მას კეთილად ექცეოდა, დადებითად ესაუბრებოდა, მან კი დახია. რა იცი, როდის ამოუტივტივდეს და როდის რა შეცვალოს მასში. თუ ბოლომდე არ წაიკითხა, ოდესმე მაინც გაუჩნდება იმის ინტერესი, ნეტავ რა ეწერაო. ადამიანი ხომ ბუნებით ცნობისმოყვარეა. თუ საერთოდ არ წაიკითხა და დახია, მითუმეტეს არ მოასვენებს, ნეტავ რა უნდა ჩაეწერათ შიგნითო.
და წარმოიდგინე, უხასიათო ადამიანს თუ ყოველ წელს შეხვდება თითო წერილი ან ერთ წელს ყოველი ფეხის ნაბიჯზე მას შეხვდებიან წერილები, ათი, ასი, ათასი წერილის მერე გაქვავებული გულიც მოლბება. და განა არ ღირს შრომად თუნდაც ერთი ადამიანის გულის გათბობა?

ადვილად ნუ დანებდებით. ეს წერილები ჯადოსნური, კეთილი ელჩები არიან, რომლებიც დადებითი მუხტის გავრცელებისთვის, ნათელი მხარის გამარჯვებისთვის წირავენ თავს. გადამფრენი ჩიტებივით თავდაუზოგავად მიიწევენ მიზნისკენ. ზოგი წერილი გზაში იღუპება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წერა უნდა შევწყვიტოთ. რაც მეტ წერილს გავუშვებთ, მით მეტი შანსია, რომ რომელიმე მიაღწევს მიზანს.

ერთხელ გულითადად დაწერილი, ლამაზ კონვერტში მოთავსებული წერილი დაუზიანეს ავტორს. როდესაც იქ მიბრუნდა, სადაც წერილი დატოვა, გამოფატრულ-გამოშიგნული კოვერტი ნახა და დაჭმუჭნული წერილი.
პირველი ელდა რომ გადაიტანა, წერილი გაასწორა (შეძლებისდაგვარად), გულში ჩაიკრა, და გზად ბიბლიოთეკაში მიიტანა. საღამო იყო, მგონი და ბიბლიოთეკაც დაკეტილი, მაგრამ კარის ქვეშ შეაცურა.
და მერე იცით რა მოხდა?
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მეორე დღეს ნახეს წერილი და ჩვენს გვერდზე მოგვწერეს, რომ სასწაულად თბილი და დადებითი წერილი იპოვეს, ათასი და ასი ათასი მადლობა შეუთვალეს ავტორს ამ დადებითი ემოციისთვის.

სხვა წელს ერთი წერილი ჯერ ვიღაცამ დაჭმუჭნა, შემდეგ წვიმამ დაასველა, მაგრამ ბოლოს მან იპოვა, ვისაც უნდა ეპოვა. ნაომარი წერილი შინ წაიყვანა და მგონი, უკვე ბევრი წელია ინახავს.

დაწერეთ, ბევრი წერილი დაწერეთ.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინეთ ამ დღის არსებობის შესახებ, რომ ქუჩაში ნაპოვნი წერილის "აღარ შეეშინდეთ".
შეეცადეთ წერილს წერილის ფორმა მისცეთ და კონვერტში მოათავსოთ.
თუკი კონვერტზე ან წერილშივე მიუთითებთ, რომ ქარის მოტანილი წერილია და იმასაც ასწავლით მპოვნელს, სად მოიძიოს ქარის მოტანილი წერილების დღის შესახებ ინფორმაცია, ამით ეჭვიანი მკითხველის "გადმობირების" შანსიც მეტი გვექნება.

უხვწერილიან 22 სექტემბერს გისურვებთ