Pages

Thursday, April 17, 2014

ქარის მოტანილი წერილების პირველი დღე (2010 წელი)

ქარის მოტანილი წერილების პირველ დღეს, 2010 წელს ასე იყო, ხუთშაბათ დღეს მოვიფიქრე და პირველივე კვირა დღე ავირჩიე. 4 ივლისი დაემთხვა. თარიღი პირობითი იყო. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია და ჩემდა გასაკვირად დიდი გამოხმაურებაც მოყვა. უამრავი ადამიანი იწონებდა იდეას და წერდნენ თავიანთ ბლოგებზე, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს.
ღამდენიმე ადამიანი ერთად შევიკრიბეთ, მოვედით ჩვენ ჩვენი წერილებით, ვნახეთ ერთმანეთი და მერე დავიშალეთ და დავტოვეთ წერილები ვისაც სად გვინდოდა, ვისაც ერთი გზა გვქონდა, ერთად მოვდიოდით და თან ვტოვებდით წერილებს.

Thursday, April 3, 2014

რა არის ქარის მოტანილი წერილების დღე?

დავჯექი, ქარის მოტანილი წერილების დღეზე მინდა დავწერო, მოგიყვეთ რა არის, რატომ, საიდან მოვიდა ან სად მიაქვს და როგორ ქარს წერილები, რატომ 22 სექტემბერი და სხვა.
ვფიქრობ საიდან დავიწყო და მახსენდება, როგორ მღეროდა დღეს მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსი “ახ ტურფავ, ტურფავ”. . . გამომყვა ეს მელოდია, რაღაცნაირი სითბო, ემოცია უცნობი ადამიანისგან.
ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს კი სითბო, რომელსაც გავცემთ.
ერთი წლის წინ ვიჯექი, ან ვიდექი, შეიძლება ვიწექი კიდეც, როდესაც იდეა მომივიდა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ბოთლში ჩადებულ წერილებზე ვფიქრობდი.