Pages

Thursday, October 2, 2014

ასე შეგვეძლო გვეოცნება თვალგახელილებს...

არც ისე პატარა ვიყავი, როდესაც ბიძაჩემმა მითხრა, საკუთარი სამყარო უნდა შექმნა და ადამიანები დაპატიჟოო. მაშინ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.

არასოდეს მჯეროდა სიზმრების ახსნის და ნიშნების და დამთხვევების ისე, როგორც მას ყველა ხედავს და ესმის.
ყოველთვის მიხაროდა, რომ არ ვეთხვეოდი იმას, რაც მიღებულია და საყოველთაო.

ოდესღაც ვიღაცამ თქვა, ისინი, ვინც იმდენად გიჟები არიან, რომ სჯერათ, სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, მართლა ცვლიანო.

ოდესღაც ამაზეც ვფიქრობდი, რაღაც დიადი იდეები მქონდა.
მერე გავიზარდე.

ბექამ თქვა, რომ ჭეშმარიტება ოცნებაშია.
ოღონდ ისიც თქვა, რომ ოცნებისას ფრთხილად უნდა იყო.


რამდენჯერმე დავრწმუნდი, რომ ოცნებები ხდებიან, ოღონდ არა ყველა, ან ზოგი ძალიან გვიან.
მაგრამ ვერასოდეს მივხვდი, რომლები.

მეგობარმა მითხრა, თვითონ დღეა ცოტათი მისტიკური, ამოუხსნელ/ამოუცნობი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ახსნაც აქვს ამ დღის მიზანს, მაინც თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი მიზანი გვაქვს, რომ ჩავერთოთ. მიმოიხედე გარშემო, მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ ასეთი რამით გახარება. განა იმიტომ, რომ იდეაა ცუდი, ჩვენ ვართ ზედმეტად პრაგმატულები და ამ დღემ შეძლო, რომ უამრავი ადამიანისთვის მიეცა საშუალება, რაღაც პერიოდით მაინც დაევიწყებინა ყოველდღიული რუტინა და რაღაც ჯადოსნურ სამყაროში შეებიჯებინაო.

მე ვიფიქრე, რომ ნებისმიერს შეიძლებოდა მოეგონებინა ეს დღე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე დავასწარი.
მიყვარს ეს დღე, მიყვარს, რომ ვუყურებ, როგორ იზრდება ჩემს თვალწინ, როგორ იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას.


წელს ადამიანები ამბობდნენ "გილოცავ, დღეს 22 სექტემბერია".

მე წელს პირველად მივხვდი, რომ ქარის მოტანილი წერილების დღე, რომ 22 სექტემბერი, კალენდრებისგან მოპარული დღეა, პარალელური სამყარო, რომელიც სხვების რეალური სამყაროს, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული სამყაროს გვერდით არსებობს დროსა და სივრცეში და მხოლოდ ზოგიერთმა ვიცით მისი არსებობის შესახებ.
მთელი ჯადოსნურობაც ამაშია.
და ზოგიერთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურობაში ჩაბმულ ადამიანს პოულობენ წერილები და სარკის აქეთ გადმოყავთ, 22 სექტემბრის მისტიურ სამყაროში.
სიზმრიდან გამოყოლილი ემოციასავით ხელშესახებიც რომ არის და მოუხელთებელიც, თან რომ ხვდები, ყველაფერი ლოგიკურია, ვიღაცამ დაწერა, ვიღაცამ იპოვა. მაგრამ თან ბოლომდე ვერც იგებ, რატომ იპოვა მან და არა სხვამ? რატომ იპოვა ის კონკრეტული წერილი და არა სხვა?
წერილები, ამბები, რომელიც ღიად გამოვიდნენ ქუჩაში, გამოვიდნენ ადამიანის შინაგანი სამყაროს პირადი სივრციდან, და თითქოს საჯარო გახდნენ, საყოველთაო, მაგრამ ამ დროს, ყველაზე ინტიმური წერილებია, ყველაზე პირადი და თითოეული მხოლოდ ერთ მკითხველს ეკუთვნის, მხოლოდ მან იცის, რა დამთხვევები, რა დაუჯერებელი მინიშნებები და რა ემოცია იპოვა ამ წერილში.
იცის ყველაფერი, გარდა იმისა, ვინ დაწერა.

არსაიდან მოსული წერილივითაა.
თითქოს კონკრეტულმა ადამიანმა კი არა, თვითონ ამ დღემ დაწერა, ან სადღაც სხვაგან დაიწერა დროსა და სივრცეში და რაღაც ამოუცნობი ძალით ზუსტად იმ დროს, როდესაც კალენდრებზე 22 სექტემბერი დადგა, გაიხსნა კარები და ფანჯრები ამ პარალელურ სამყაროსთან და იქიდან წერილობით დაელაპარაკა ვიღაც.
თან ისიც იცის, მთელი მისტურობის მიუხედავად, ადამიანი, ვინც ეს წერილი დაწერა, იქვე ცხოვრობს, სადაც თვითონ. იქნებ რამდენჯერ შეხვედრია ქუჩაში, ან ტრანსპორტში ან იქნებ მომავალში შეხვდეს.

ვინ იცის.
ვინ იცის...

No comments:

Post a Comment