Pages

Thursday, April 3, 2014

რა არის ქარის მოტანილი წერილების დღე?

დავჯექი, ქარის მოტანილი წერილების დღეზე მინდა დავწერო, მოგიყვეთ რა არის, რატომ, საიდან მოვიდა ან სად მიაქვს და როგორ ქარს წერილები, რატომ 22 სექტემბერი და სხვა.
ვფიქრობ საიდან დავიწყო და მახსენდება, როგორ მღეროდა დღეს მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსი “ახ ტურფავ, ტურფავ”. . . გამომყვა ეს მელოდია, რაღაცნაირი სითბო, ემოცია უცნობი ადამიანისგან.
ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს კი სითბო, რომელსაც გავცემთ.
ერთი წლის წინ ვიჯექი, ან ვიდექი, შეიძლება ვიწექი კიდეც, როდესაც იდეა მომივიდა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ბოთლში ჩადებულ წერილებზე ვფიქრობდი.


ვფიქრობდი რამდენად უანგარო, სუფთა და თბილი განცდაა, ყველაზე უცნობი ადამიანების ყველაზე ახლო და უცნაური კავშირი.
დინებას ხომ წერილიანი ბოთლი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიაქვს, მიაქვს და თუ ატან იცი, ან იმედი გაქვს, რომ მას ვიღაც ნახულობს და კითხულობს. და ფიქრობ, ვინ იპოვა ნეტა, ქალია თუ კაცი, ნეტა რა იფიქრა, რომ წაიკითხა, შენზე თუ იფიქრა...
ხოლო ის, ვინც პოულობს, იწყებს ფიქრს იმაზე, ვინც დაწერა. ნეტა როგორ იჯდა, როცა წერდა? ამის გარდა, რაც აქ წერია, სხვა რა ხდება მის ცხოვრებაში? მერე უყურებს კალიგრაფიას, სწავლობს, ფიქრობს, აკეთებს დასკვნებს... შეიძლება ელოდოს კიდეც, რომ დინებამ კიდევ მოუტანოს წერილი.
მაგრამ ერთი იცის, თვითონ რომც დაწეროს პასუხი, ჩადოს ბოთლში და დინებას გააყოლოს, დინება წაიღებს, მაგრამ იმას არ მიუტანს წერილს, ვისგანაც მან მიიღო, დინება ხომ ერთი მიმართულებით მიდის, მაგრამ მის წერილს აუცილებლად წაიკითხავს სხვა.
და ის სხვა იფიქრებს იმაზე, ვინც დაწერა და იფიქრებს იმაზეც, ვისაც მისწერეს პასუხად და იფიქრებს იმაზეც, რა ეწერ აიმ წერილში, რომლის პასუხადაც დაწერეს ეს წერილი...
და უკვე სამი ადამიანი იქნება ემოციურად ერთმანეთთან დაკავშირებული.
უანგარო და სუფთა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ თუკი წერილს აწერია გამგზავნი, აწერია მისამართი ან საკონტაქტო რამე, მაშინ უკვე გამგზავნმაც იცის, რომ მას შეიძლება პასუხი მოსწერონ, მაშინ ეს უცნობის წერილი უცნობს აღარ არის და დამწერიც იპრანჭება, თავს იწონებს ან აწონებს.
ხოლო თუკი იცი, რომ დინებას ერთი მიმართულებით მიაქვს წერილი, ბოლომდე გულახდილი ხარ, ხართ შენ და შენი წერილი, შენი ემოცია და ადამიანი, უცნობი. თანაბრად გასცემ სითბოს იმისთვის, ვინც არ უნდა იყოს.

შევყევი ამ ფიქრს და ძალიან მომინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეწერა ასეთი წერილი.
მერე ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ასეთი უანგარო, პასუხის მოლოდინის გარეშე დაწერილი წერილების დღე 21-ე საუკუნეში და ქალაქში გამოსულიყო და მოვიფიქრე. თუკი ყველა დავწერთ წერილებს, რომელსაც არ დავაწერთ ადრესატს და ავტორს და დავტოვებთ ალალბედზე, მაშინ ეს ძალიან ემსგავსება ბოთლში ჩადებულ წერილებს.

და რადგან ასეთ წერილებს დინება არ მიიტანს მკითხველამდე, დღეს ქარის მოტანილი წერილების დღე დავარქვი.

2011 წელი



No comments:

Post a Comment