Pages

Thursday, April 17, 2014

ქარის მოტანილი წერილების პირველი დღე (2010 წელი)

ქარის მოტანილი წერილების პირველ დღეს, 2010 წელს ასე იყო, ხუთშაბათ დღეს მოვიფიქრე და პირველივე კვირა დღე ავირჩიე. 4 ივლისი დაემთხვა. თარიღი პირობითი იყო. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია და ჩემდა გასაკვირად დიდი გამოხმაურებაც მოყვა. უამრავი ადამიანი იწონებდა იდეას და წერდნენ თავიანთ ბლოგებზე, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს.
ღამდენიმე ადამიანი ერთად შევიკრიბეთ, მოვედით ჩვენ ჩვენი წერილებით, ვნახეთ ერთმანეთი და მერე დავიშალეთ და დავტოვეთ წერილები ვისაც სად გვინდოდა, ვისაც ერთი გზა გვქონდა, ერთად მოვდიოდით და თან ვტოვებდით წერილებს.


ვიყავით ალბათ ათი.
შინ მოსულს წარმოდგენა არ მქონდა ეს დღე შედგა თუ არა.
ისევ სოციალური ქსელი დამეხმარა, გავრკვეულიყავი.
ადამიანები მოდიოდნენ და წერდნენ ვინ როგორი წერილი დაწერა, ზოგი წერდა სად დატოვა, ზოგი წერდა სად იპოვა და ზოგიც წერდა რანაირი წერილი იპოვა.
როგორც აღმოჩნდა იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღო ეს დღე, ვიდრე ველოდი, ვიდრე წარმომედგინა.
ქარის მოტანილი წერილების დღეს ადამიანებს აერთიანებს არა კონკრეტული საათი და ადგილი, არამედ ის, რომ ამ დღეს ყველა წერს წერილს, აუცილებლად ხელნაწერს, აწერს ქარის მოტანილი წერილების დღე-ს და ტოვებს მას სადმე, ადრესატისა და ავტორის მითითების გარეშე.
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, სეიძლება განცდაც კი დაგრჩეთ, რომ მხოლოდ შენ დაწერე და დატოვე წერილი, მაგრამ ეს საღამომდე ან მეორე დილამდე, ვიდრე ისევ სოციალური ქსელის ან რომელიმე მეგობრის ან თანამშრომლის მონათხრობიდან არ გაიგებ, რომ ვიღაცეები პოულობდნენ ან ტოვებდნენ წერილებს ამ დღეს.
და საოცარი სითბო იწყებს ტრიალებს ჰაერში.
თუნდაც ცოტა ხნით მაინც, ქუჩაში ყველა ადამიანს რაღაცნაირი სითბოთი უყურებ, ხომ შეიძლება სწორედ მისი წერილი იპოვე? ხომ შეიძლება სწორედ მან იპოვა შენი წერილი?

ერთი რამ მჯერა და მწამს, ყველა წერილს სწორედ ის იპოვის, ვინც უნდა იპოვოს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


უბრალოდ ყველაზე ნამდვილი წერილების დღეა.
ყველაზე ახლო კავშირი უცნობი ადამიანების სამყაროებს შორის.
და მერე დადიხარ ქუჩაში და იცი, რომ აი იმ უამრავი ადამიანიდან, ვისაც ყოველ დღე ხვდები, ვიღაცამ შენი წერილი მიიღო. არ იცის, რომ შენი წერილი იყო, მაგრამ მიიღო და რაღაცაზე დაფიქრდა.
შენზე.
შენს ნაწერზე.
თავის თავზე. ეგებ რაღაცის პასუხიც იპოვა.


ჩემი მაშინდელი რეაქცია სიტყვების სახით ასე შემორჩა:

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას
რომ ამყვნენ
რომ გვერდში დამიდგნენ

მე ვნახე რამდენიმე წერილი, ქარისთვის გასატანებელი და მადლობა იმ სითბოსთვის, რაც გაატანეთ.

ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ის სითბო, რაც გაეცით, ვიღაცამ მიიღო.

მადლი დატოვეთ ქვაზე დღეს და რა იცით, რა საჭირო დროს მოგიბრუნდეთ.

მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ.
ვიპოვე უცნობი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ქარმა დღეს წერილი მოუტანა.

რა იცით, რომელი თქვენგანის წერილი იყო.

კავშირი დამყარდა.
ქარის მოტანილი წერილების დღე შედგა და მადლობა ამისთვის ყველას.

საოცრებები ხდება ამ ქვეყანაზე.
მართლა ხდება
და სიზმრებიც ხდებიან.

2011 წელი

No comments:

Post a Comment