Pages

Thursday, September 29, 2016

ქარის მოტანილი წერილების დღე 2016

არის დღეები, სეზონები, როდესაც გრძნობ, თითქოს ყველა ნერვი და რეცეპტორი კანის ქვეშ ან კანში კი არა, კანის ზემოდან გაქვს და ყველაფერს ათასჯერ მეტად შეიგრძნობ.
ზოგჯერ ზიხარ, გარეგნულად თითქოს არაფერი, მაგრამ შენი სული განუწყვეტელ ბოლთას სცემს შენში, გულ-მუცელში გრძნობ, როგორ ტრიალებს და წრიალებს შიში, მოუთმენლობა და რაღაც ამის მსგავსი.
ცის დანახვა გინდა და ღრუბლების მეტი არაფერი ჩანს, თვალებზე აფარებული ხელებივით გაწვებიან ქუთუთოებზე ნაცრისფერი მძიმე ღრუბლები და გინდა იყვირო, გეგონება ყვირილით გაფანტავ.
ჩიტების გადაფრენამ შეიძლება უბრალოდ მოგკლას.
ცდილობ ღრმად და მშვიდად  ისუნთქო.
აქეთ-იქით აცეცებ თვალებს, ელოდები ან გინდა ან იხვეწები, რომ ციდან მაინც ჩამოვარდეს სიმშვიდე.
და წარმოიდგინე, რომ ამ დროს სამყარო ენას იდგამს და გელაპარაკება.
გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
აი, ასე, ციდან ჩამოვარდნილი სიმშვიდე მოდის და მშვიდდები.

ასეთი ჯადოსნობა ხდება.
ხდება 22 სექტემბერს.
უკვე რამდენიმე წელია.

ხელშესახები ჯადოსნობა.
წერილები თვითონ პოულობენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებიან.

ადრეც ვთქვი, განა რა არის აქ უცნაური, რომ ვიღაცამ დაწერა, დატოვა და სხვა ვიღაცამ იპოვა?
ჯადოსნობა იმაშია, თუ ვინ იპოვის და რომელ წერილს იპოვის.

წელს ვუყურებდი და წერილები პოულობდნენ ადამიანებს დამღლელი, რიგითი რუტინული დღის მერე და ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
წერილები ეჩურჩულებოდნენ, გიყვარდესო და გაუფრთხილდიო.
ყველაფერი კარგად იქნებაო.
საჭესთან ნასვამი ნუ დაჯდებიო.
იმედს ნუ დაკარგავო.
გაიღიმეო.
მზის ამოსვლით დატკბიო და სხვა და სხვა კეთილი რამეები, რომელიც მხოლოდ მპოვნელს ეკუთვნის და მხოლოდ მან იცის.

ჯადოსნური დღეა.
მჯერა.

No comments:

Post a Comment