Pages

Friday, June 6, 2014

ქარის მოტანილი წერილების დღე (2011 წელი)

ქარის მოტანილი წერილების დღის თარიღი შემთხვევითი აღარ არის.
და ამის შემდეგ ყოველთვის 22 სექტემბერს იქნება, მაშინ, როდესაც დღე და ღამე თანაბარია.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის თარიღის არჩევის მიზეზი.
22 სექტემბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ მეორე დღეს 23 სექტემბერი თენდება, ხოლო თუ რატომაა 23 სექტემბერი ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, ამის თქმა ჯერ ადრეა, თუმცა შესაძლოა წერილში დავწერო და დავტოვო ქალაქში სადმე.

ჩვენ ხომ ყველანი ასეთი ცნობისმოყვარეები ვართ, ხომ ასე გვიყვარს სხვისი წერილების კითხვა.

პირველად რომ ფორუმებში  გახსნილი თემები  - “გულახდილი საუბრები” ან “წერილები” ვნახე, სადაც სხვადასხვა ნიკს ამოფარებული ადამიანები წერენ საკუთარ ემოციებს, მივხვდი, რომ მხოლოდ 15 წლის ასაკში არ ვწერთ გოგოები დღიურებს და არგასაგზავნი წერილებიც ბევრს დაგვიწერია და მერე დაგვიხევია ან დაგვიწვავს...
მე ვიცი, რომ გიყვართ ხელით დაწერილი წერილები, თავისი ხასიათით, კალიგრაფიით, ფურცლის და კალმის ფერით და მელნის განსხვავებული სუნით.

გიყვართ მათი დაწერაც და წაკითხვაც და მოულოდნელობის განცდაც, როდესაც იპოვით წერილს და გულის ბაგა-ბუგი, როდესაც დატოვებთ წერილს და რამდენიმე ხანში იმავე ადგილას ჩაივლით და აღარ დაგხვდებათ, რაც ნიშნავს, უკვე აიღეს, ვიღაც უკვე კითხულობს...

მე ვიცი, რომ სადაც დატოვებთ, ისევ ჩაივლით... რომ ნახოთ...


და კიდევ ერთი, ვიდრე ქარის მოტანილი წერილების დღე თავისით დაიწყებს არსებობას, ვიდრე მე ძალა მექნება ამ დღეს ორგანიზება გავუწიო, ქარის მოტანილი წრილების დღეს ყოველთვის გახსნის ეს წერილი, რომელიც ქარის მოტანილი წერილების პირველ დღეს მოვიდა ჩემთან:



წვიმისას, ძლიერი წვიმისას სულ მგონია, რომ ვიღაც ახლობელი სველდება...სულ...აი ვინც მაკლია, ვისაც არ ვიცნობ, ისეთი...ვიცვამ მწვანე საწვიმარს და ვეძებ...თუ სადმე ნახავთ, მიცნობს ადვილად, ასე უთხარით, მწვანე საწვიმარი, რომელიც ატარებს სისველეს...ეგ მეცმევა...მოვიდეს...შუქი მხოლოდ ჩემთან ენთება...კარი ყოველთვის ღიაა...ხოდა მოვიდეს...



2011 წელი 

No comments:

Post a Comment