Pages

Friday, June 6, 2014

წერილი თუ სიხარული

პატარობისას ყოველთვის ვამბობდი "წერილი" და გულში ვფიქრობდი, რა ჭკვიანურად მოვიგონე, წერილს ხომ სიხარული მოაქვს, ანუ ერთი ვთქვი და ორივე ავირჩიე-მეთქი. 

სხვა დროს კი ვფიქრობდი, რომ უინტერესო წერილი არ არსებობს. რადგან არ იცი, მასში რა წერია და მიუხედავად იმისა, რას გიყვება, გაინტერესებს.
განსაკუთრებით, ფანტაზიისაღმძვრელია ხელნაწერი წერილი. დაწყებული ფურცლის და მელნის ფერით (კალმით იქნება ნაწერი, ბურთულიანი პასტით თუ ბატის ფრთით, ზოგს ფანქრით წერაც უყვარს), ფურცლის ფორმით, კალიგრაფიით და ა.შ. თითოეული დეტალი გეხმარება წარმოიგინო ვინ წერდა, რა ასაკის, რა ემოციით, ქალი თუ კაცი და ბევრი, ბევრი რამ. 
და თუ ამ მოულოდნელი და იდუმალი წერილის ავტორი უცნობად დარჩება შენთვის, მთელი ისტორიები შეგიძლია წარმოიდგინო და ხშირადაც გექნება გულის აჩქარების საბაბი, ფურცლის დანახვაზე, რომელსაც წერილს მიამსგავსებ თუ ადამიანის დანახვაზე, რომელსაც შენს წარმოდგენილს მიამსგავსებ.
ეგებ ერთ დღეს შენც დაწერო წერილი და დატოვო სადმე, იმ იმედით, რომ მან იპოვოს.

ან იქნებ სულაც თვითონ დაგიგროვდა სათქმელი, მაგრამ იმდენად გულახდილად სალაპარაკო, რომ მან, ვინც მოგისმენს, გინდა აღარასოდეს ჩაგხედოს თვალებში. მაგრამ აუცილებლად გჭირდება, რომ ვიღაცას გაუზიარო. ისიც იცი, ახლა რომ ვინმეს ელაპარაკო, მეორე წუთს ინანებ, რომ შენი სული ასე ახლოდან დაანახე სხვას. მაგრამ თუკი იცი, ილაპარაკებ, მოგისმენენ და აღარც რჩევებით მოგადგება ვინმე, არც შეგიცოდებენ, ვერც გიცნობენ... იტყვი და თავისუფალი იქნები საკუთარი ნათქვამისგან...

ან იქნებ სხვა მიზეზი გქონდეს წერილის დასაწერად ან სხვა რამის გამო გიხაროდეს მისი პოვნა და წაკითხვა...

როგორც უნდა იყოს, 22 სექტემბერი მალე მოვა.

სხვა დროს ვთქვი, ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება-მეთქი, განსაკუთრებით, სიკეთე და დადებითი ემოცია.
სადღაც ისიც უნდა მეთქვა, რომ უადრესატო და უავტორო წერილები, რომლებიც თვითონ პოულობენ წამკითხავს, აუცილებლად მასთან მივლენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ვინ იცის, რით დაეხმარონ, შეუმსუბუქონ დარდი ან მარტოობა და აგრძნობინონ, რომ მარტო არ არის.
ან იქნებ წაკითხვის შემდეგ მისი პოვნა მოუნდეს, ვინც წერილი დაწერა, ისე, უბრალოდ, ადამიანურად და მხარზე ხელის დადება და თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
და თუ არ იცის, ვინ დაწერა წერილი, ცოტა ხანს მაინც, სულ ცოტა ხანს მაინც, ხომ შეიძლება ყველა გამვლელი და გამომვლელი იმ წერილის ავტორი ეგონოს და იმ სითბოთი მოეპყრას...

პ.ს. მადლობა თითოეულს, ვინც ამ დღეს ელოდით, ვისაც გიყვართ, ვისაც გახსოვთ.
ყოველ წელს სულ უფრო ბევრნი ვართ.
ყოველ წელს ვცდილობთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ყველგან , სადაც კალენდრებზე 22 სექტემბერი არსებობს, უამრავ ენაზე, სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, ქვეყნებში ადამიანებმა დაწერონ ხელნაწერი წერილები და ვინ იცის, ერთ დღეს ან ზღვამ ან ქარმა საიდან მოიტანოს წერილი შენთან...


2013 წელი 

No comments:

Post a Comment