Pages

Friday, June 6, 2014

წერილი თუ სიხარული

პატარობისას ყოველთვის ვამბობდი "წერილი" და გულში ვფიქრობდი, რა ჭკვიანურად მოვიგონე, წერილს ხომ სიხარული მოაქვს, ანუ ერთი ვთქვი და ორივე ავირჩიე-მეთქი. 

სხვა დროს კი ვფიქრობდი, რომ უინტერესო წერილი არ არსებობს. რადგან არ იცი, მასში რა წერია და მიუხედავად იმისა, რას გიყვება, გაინტერესებს.

ქარის მოტანილი წერილების დღე (2011 წელი)

ქარის მოტანილი წერილების დღის თარიღი შემთხვევითი აღარ არის.
და ამის შემდეგ ყოველთვის 22 სექტემბერს იქნება, მაშინ, როდესაც დღე და ღამე თანაბარია.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის თარიღის არჩევის მიზეზი.
22 სექტემბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ მეორე დღეს 23 სექტემბერი თენდება, ხოლო თუ რატომაა 23 სექტემბერი ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, ამის თქმა ჯერ ადრეა, თუმცა შესაძლოა წერილში დავწერო და დავტოვო ქალაქში სადმე.

ქარის მოტანილი წერილების დღე (2012 წელი)

პირველ წელს იდეის მოსვლიდან სამ დღეში აღვნიშნეთ და ას კაცამდე რომ შევგროვდით, სიხარულისგან მიწას ფეხს ვეღარ ვაკარებდი, ბორდიურებზე უფრო ზემოთ დავდიოდი... 

Thursday, April 17, 2014

ქარის მოტანილი წერილების პირველი დღე (2010 წელი)

ქარის მოტანილი წერილების პირველ დღეს, 2010 წელს ასე იყო, ხუთშაბათ დღეს მოვიფიქრე და პირველივე კვირა დღე ავირჩიე. 4 ივლისი დაემთხვა. თარიღი პირობითი იყო. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია და ჩემდა გასაკვირად დიდი გამოხმაურებაც მოყვა. უამრავი ადამიანი იწონებდა იდეას და წერდნენ თავიანთ ბლოგებზე, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს.
ღამდენიმე ადამიანი ერთად შევიკრიბეთ, მოვედით ჩვენ ჩვენი წერილებით, ვნახეთ ერთმანეთი და მერე დავიშალეთ და დავტოვეთ წერილები ვისაც სად გვინდოდა, ვისაც ერთი გზა გვქონდა, ერთად მოვდიოდით და თან ვტოვებდით წერილებს.

Thursday, April 3, 2014

რა არის ქარის მოტანილი წერილების დღე?

დავჯექი, ქარის მოტანილი წერილების დღეზე მინდა დავწერო, მოგიყვეთ რა არის, რატომ, საიდან მოვიდა ან სად მიაქვს და როგორ ქარს წერილები, რატომ 22 სექტემბერი და სხვა.
ვფიქრობ საიდან დავიწყო და მახსენდება, როგორ მღეროდა დღეს მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსი “ახ ტურფავ, ტურფავ”. . . გამომყვა ეს მელოდია, რაღაცნაირი სითბო, ემოცია უცნობი ადამიანისგან.
ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს კი სითბო, რომელსაც გავცემთ.
ერთი წლის წინ ვიჯექი, ან ვიდექი, შეიძლება ვიწექი კიდეც, როდესაც იდეა მომივიდა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ბოთლში ჩადებულ წერილებზე ვფიქრობდი.